სასტუმრო "რედისონში" გამართულ საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმზე შეკრებილ ბიზნესმენებს მიხეილ სააკაშვილმა მიმართა. მან ლატვიელ ბიზნესმენებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს შესახებ. სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია, ქვეყანას სერიოზული ეკონომიკური წარმატებები აქვს.
"საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია. მიუხედავად ამისა, ვცდილობთ განვვითარდეთ და სინგაპურის გზით ვიაროთ წინ ეკონომიკურ ზრდაში. მე-11 ადგილზე ვართ ბიზნესის სიმარტივის თვალსაზრისით და პირველ ადგილზე _ კორუფციასთან ბრძოლისა და რეფორმების კუთხით. საქართველო არ არის ერთ-ერთი რიგითი აღმოსავლეთის ქვეყანა. საქართველო არ არის პროვინცია, საქართველო არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც სერიოზულ ბიზნესცენტრად გადაიქცევა", - განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით, ენერგოდერეფნების შესახებ და ტურიზმის სფეროში საქართველოს წინსვლასთან დაკავშირებით. სააკაშვილის თქმით, გარდა ეკონომიკური პოტენციალისა, საქართველოში კულტურული ცხოვრებაც მაღალ დონეზეა.
"ომის შემდეგ გამრავლდა ტურისტების რაოდენობა. წელს მათი რაოდენობა კიდევ გაორმაგდება. მიმდინარე წელს სათხილამურო სეზონზე მილიონ ტურისტს ველოდებით. ახალ წელს ვაპირებთ ჩამოვიყვანოთ ხოსე კარერასი და გავმართოთ U2-ის კონცეტრი. საქართველოში კულტურული ცხოვრება ჩქეფს", - განაცხადა სააკაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა ლატვიის პრეზიდენტს და ლატვიელ ხალხს გაწეული დახმარებისათვის.