საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ავტობანის მშენებლობის შედეგად ბაქო-თბილისის სამანქანო გზის ხანგრძლივობა 4 საათამდე შემცირდება.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა დღეს ავლაბრის რეზიდენციაში საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელთა დაჯილდოებისას განაცხადა, აჭარაში შემოვლითი გზის მშენებლობა 2011 წლისთვის დასრულდება.
"ჩვენს საზღვრამდე, წითელ ხიდამდე ავტობანი შენდება რაც ნიშნავს იმას, რომ ბაქოდან თბილისამდე მაქსიმალური სამანქანე გზა 4 საათი იქნება. ასევე როცა სომხეთიდან გზა გაკეთდება ჯავახეთამდე და შემდეგ უკვე გაგრძელდება ბათუმამდე მხოლოდ 3-3.5 საათი იქნება სამგზავრო ერევნიდან ბათუმამდე, რასაც დღეს 8-9 საათი სჭირდება. ეს იმას ნიშნავს რომ უზარმაზარი მოძრაობა დაიწყება ამ მიმართულებით და დიდი შემოსავალი შემოვა რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. კონკურენცია იზრდება, იმ პირობებში, როცა სომხეთ-თურქეთის საზღვარი იხსენება და შესაძლოა ტვირთების ნაწილი იქით წავიდეს. 2011 წლის ბოლოს შემოვლითი გზა უნდა იყოს დამთავრებული აჭარაში", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.