ქართული მხარისთვის აზერბაიჯანში გადატრიალების მოწყობის დაბრალების მცდელობა პროვოკაციის უხეში ფორმაა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით დარჩიაშვილმა პოლიტოლოგის, რუსეთის ისლამისტური კომიტეტის ხელმძღვანელის, ჰეიდარ ჯემალის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
"ეს ნაბოდვარი არცთუ გაწონასწორებული ადამიანის დაწერილი ჩანს, ან შეიძლება ვიფიქროთ უფრო ცუდი: ეს არის პროვოკაციის უფრო უხეში ფორმა, რომ ეჭვები გააჩინოს მჭიდრო ურთიერთობებში მყოფ მეზობელ ქვეყნებს შორის", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, ეს განცხადება იმდენად აბსურდულია, რომ მისი ავტორებისთვის "არანაირ შედეგს არ მოიტანს".
შეგახსენებთ, რომ რუსი პოლიტოლოგის, რუსეთის ისლამისტური კომიტეტის ხელმძღვანელის ჰეიდარ ჯემალის მტკიცებით, აზერბაიჯანის სახელმწიფოსთვის მთავარი საფრთხე საქართველოს ტერიტორიიდან მომდინარეობს.
"არის მონაცემები, რომ საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ. საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს მომზადება იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალება და ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერიაა", - აცხადებს ჯემალი.