საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლების მიერ აზერბაიჯანში გადატრიალების მომზადებას ფანტასტიკას უწოდებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა განუცხადა.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება ბევრჯერ არასწორი პოლიტიკის განმსაზღვრელია, ბევრი შეცდომა მოსდის და შემდეგ პასუხისმგებლობას არ იღებს - საუბარი იმაზე, რომ ქართველები გადატრიალებას ვამზადებთ აზერბაიჯანში, ნამეტანია. ეს უკვე არარეალობის კულმინაციას და ფანტასტიკის მაღალ შრეებს სწვდება", - დასძინა ახვლედიანმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ენრგოდივერსიფიკაციის ერთ-ერთი მთავარი გარანტორი.
"ამ შემთხვევაში ასეთ რამეეზე საუბარი არათუ უსაფუძვლო, არამდე სასაცილოა. გასაგებია, რომ არიან ადამიანები, რომელთაც კონკრეტულ თანხას უხდიან ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ბიუჯეტიდან, იმისთვის, რომ ასეთი ზღაპრები დაალაგოს", - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
ახვლედიანს მიაჩნია, რომ მსგავსი ქმედებებით რუსეთი ყველანაირად ეცდება საქართველოში არ შეიქმნას სტაბილური, ცივილიზებული გარემო და იყოს მუდმივი დესტაბილიზაცია, დაძაბულობა, რათა მათი მხრიდან საქართველო ადვილად სამართავი გახდეს.
შეგახსენებთ, რომ პოლიტოლოგის, რუსეთის ისლამისტური კომიტეტის ხელმძღვანელის, ჰეიდარ ჯემალის მტკიცებით, აზერბაიჯანის სახელმწიფოსთვის მთავარი საფრთხე საქართველოს ტერიტორიიდან მომდინარეობს.
"არის მონაცემები, რომ საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ. საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს მომზადება იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალება და ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერიაა", - აცხადებს ჯემალი.