საქართველოს საგარეო უწყება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მიერ მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას ავრცელებს.
2009 წლის 4 დეკემბერს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წვლილი ISAF-ში (საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის ძალები) და საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციის ფარგლებში განხორციელებული განსაკუთრებული ძალისხმევისთვის.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე მან წინ წამოსწია საქართველოს საკითხი და მკაფიოდ დააფიქსირა შემდეგი: აშშ მხარს უჭერს საქართველოს და განუხრელად გააგრძელებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკას; აშშ-ს სურვილია, რუსეთმა ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტის მიზნით; აშშ გვერდში უდგას ქართველ ხალხს და მადლობელია ავღანეთში ნატოს მისიის ფარგლებში საქართველოს მიერ გაწეული წვლილისათვის.