საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა".
"განმცხადებლები ევროპული სასამართლოს წინაშე ასაჩივრებდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ოთხი მუხლის (სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება და სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) დარღვევას. განმცხადებელთა მოთხოვნის მიუხედავად, ევროპულმა სასამართლომ უარყო კონვენციის სამი მუხლის დარღვევა - სახელმწიფო არ არის პასუხისმგებელი განმცხადებელთა შვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე; სასამართლომ ასევე არ დაადგინა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებისა და ეფექტური შიდასამართლებრივი საშუალებების ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევა; სასამართლომ არ დაადასტურა, რომ განმცხადებლები წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ. მხარეთა მიერ წარდგენილი არგუმენტების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების განხილვის შედეგად, სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა დაადგინა მხოლოდ ეროვნულ დონეზე წარმოებულ გამოძიებაში არსებული ხარვეზების გამო. განმცხადებლები მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის ითხოვდნენ 300 000 ევროს. ევროპულმა სასამართლომ მორალური ზიანის ნაწილში განმცხადებლებს 50 000 ევრო მიაკუთვნა. გადაწყვეტილება ძალაში შედის სასამართლოს მიერ მისი გამოტანიდან 3 თვის შემდეგ, თუ ამ ხნის განმავლობაში, რომელიმე მხარე მას არ გაასაჩივრებს ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში", - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი დღეს გახდა. სტრასბურგის სასამართლომ დარღვეულად ცნო ევროკონვენციის მეორე მუხლი, რომელიც სიცოცხლის უფლების პატივისცემას ითვალისწინებს. ევროსასამართლომ მიუთითა, რომ გამოძიება, რომელიც წარიმართა საქართველოს შიდა ინსტანციაში - შსს-ში, პროკურატურაა და სასამართლოში, არ შეესაბამებოდა ევროკონვენციის მეორე მუხლის სტანდარტებს. სასამართლომ დარღვეულად ცნო ევროკონვენციის 38-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, ითანამშრომლოს სასამართლოსთან ფაქტების დადგენაში. საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეული მტკიცებულებები წარდგენილი იყო დაგვიანებით, ხოლო გარკვეული მტკიცებულებები - გაყალბებული სახით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით პრეტენზიები სრულად ასახავდა იმ პრეტენზიებს, რომელიც სამართლიან სასამართლოსთან დაკავშირებით შეიძლებოდა ყოფილიყო და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე ცალკე არ უმსჯელია.
ევროსასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა, სამი თვის ვადაში მოსარჩელე გურამ გირგვლიანის სასარგებლოდ გადაიხადოს 50 ათასი ევრო.