სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა" ავტომობილების ონლაინ აუქციონი შექმნა. კომპანიას აუქციონზე გასაყიდად გამოაქვს ის ავტომობილები, რომლებიც სადაზღვევო შემთხვევების შედეგად დაზიანდა.
აუქციონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა საიტზე რეგისტრაციის გავლა. საიტის მისამართია http://bids.gpih.ge. აუქციონზე შესვლა „ჯიპიაი ჰოლდინგის" კორპორაციული ვებ-გვერდიდანაც არის შესაძლებელი: www.gpih.ge. სხვა მსგავსი აუქციონებისგან განსხვავებით, აღნიშნული ავტოაუქციონი მომხმარებლისთვის მარტივი, ავტომატიზირებული და მოქნილია.
თითოეულ ავტომობილზე მითითებულია საწყისი ფასი, მინიმალური ფსონი და აუქციონის დაწყება/დასრულების თარიღი. აუქციონის დაწყებისთანავე ნებისმიერ რეგისტრირებულ მონაწილეს, რომელიც გაივლის ვალიდაციას ადმინისტრატორის მიერ, საშუალება ეძლევა დადოს ფსონი და თვალყური ადევნოს აუქციონის მსვლელობას ონლაინ რეჟიმში.
დიმიტრი ძირტკბილაშვილი, სადაზღვევო ანაზღაურების დირექტორი: „ჩვენი კომპანია იტოვებს ჩვენს მიერ დაზღვეულ იმ ავტომანქანებს, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 70 %-ზე მეტად დაზიანდა. სწორედ ეს მანქანები გამოგვაქვს აუქციონზე. სამწუხაროდ საკმაოდ ხშირად ხდება ისეთი ავტოსაგზაო შემთხვევები რის შედეგადაც ავტომობილი თითქმის მთლიანად ნადგურდება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დაზღვეულებს უზრუნველვყობთ სხვა მანქანით, რომელიც დაზღვეული მანქანის კლასის და ღირებულების შესაბამისია. უფრო ხშირია ისეთი ავტოსაგზაო შემთხვევები, როცა ზარალი შედარებით ნაკლებია. სტატისტიკური მონაცემებით, წლის განმავლობაში ყოველი მეხუთე ავტომობილი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე ხდება. რის შედეგადაც ავტომობილის მფლობელი დაახლოებით 3 000, 5 000 ან 10 000 ლარით ზარალდება. რა თქმა უნდა ჩვენ მსგავს შემთხვევების შედეგად წარმოქმნილ ზარალსაც ვანაზღაურებთ. გასულ წელს ჯიპიაი ჰოლდინგმა ავტოდაზღვევის მიმართულებით 4 000 000 ლარი აუნაზღაურა თავის კლიენტებს.
ონლაინ ავტოაუქიონის შექმნის მიზანიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელს საშუალება მივცეთ სურვილის შემთხვევაში შეიძინოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილები. ბევრ ადამიანს აქვს იმის საჭიროება იყიდოს უკვე დაზიანებული მანქანა, შეაკეთოს ის ან გამოიყენოს მისი ესა თუ ის ნაწილი. ჩვენ მომხმარებელს ყველაზე მოსახერხებელი მომსახურება შევთავაზეთ - ავტომობილის ონლაინ რეჟიმში შეძენის შესაძლებლობა.
აქვე მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავთ. ჩვენი კომპანია ჩვენ დაზღვეულებს შესთავაზებს აუქციონზე გასაყიდად გამოიტანონ თავიანთი საკუთარი ავტომობილებიც."
აუქციონში გამარჯვებულ მომხმარებელს საშუალება აქვს ონლიაინ რეჟიმში ამობეჭდოს ინვოისი, სადაც ყველა მისთვის საჭირო ინფორმაცია და საბანკო რეკვიზიტები იქნება მითითებული. ინვოისის საფუძველზე თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც ჯიპიაი ჰოლდინგის ოფისში, ასევე ბანკის საშუალებითაც.
ონლაინ აუქციონის მოდული Ajax ტექნოლოგიის ბაზაზე არის შემუშავებული, რაც უზრუნველყოფს მის დინამიურობასა და მოქნილობას. მაღალტექნოლოგიებზე შექმნილი საიტი საშუალებას აძლევს მომხმარებელს აუქციონში მონაწილეობა მიიღოს მაშინაც კი როცა მას დროის სიმცირის ან სხვა მიზეზების გამო ამის გაკეთება არ შეუძლია. მსგავს სიტუაციაში, კლიენტს საშუალება აქვს პროგრამაში მიუთითოს მაქსიმალური ფსონი, ხოლო პროგრამა ავტომატურ რეჟიმში მოახდენს ფსონის გაზრდას.
ავტოაუქციონი სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის" დაკვეთით, კომპანია "აი-ბი-ესმა" შექმნა.