საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების სარდალს, გენერალ როჯერ ბრეიდის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ამერიკასა და საქართველოს შორის 2010/2011 წლებში თანამშრომლობის პრიორიტეტები და აშშ-ის დახმარება საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარებაში.
"საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო და ერთგული პარტნიორია, თქვენი ერაყში მხარდაჭერა და ISAF -ში მონაწილეობა სამაგალითოა; ჩვენი პარტნიორობა და მეგობრობა შესაძლებლობას გვაძლევს ერთად გავძლიერდეთ", _ განაცხადა გენერალმა ბრეიდმა.
თავდაცვის სფეროში 2010 წლის თანამშრომლობის გეგმაში განსაზღვრულია თავდაცვის ეროვნული აკადემიის რეფორმირება, ასევე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების აშშ-ის საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა.
"საჰაერო თავდაცვას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ამ მხრივ განსაკუთრებულია ტექნიკური დახმარება. ჩვენ მივესალმებით ორმხრივი კონსულტაციების შედეგად განსაზღვრულ მიმართულებებს, რომელთა შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული სამხედრო განათლება და წვრთნები ერთ-ერთი პრიორიტეტია", _ განაცხადა ახალაიამ.