საკონსტიტუციო სასამართლომ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის რამდენიმე ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო.
სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად იქნა შეფასებული ის ნორმები, რომლებიც კრძალავს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას ზოგიერთ დაწესებულებასა და ადმინისტრაციული ორგანოს, მათ შორის სასამართლოს შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში.
სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება, რომ ასეთი სახის აკრძალვა კონსტიტუციას არ შეესაბამება, ვინაიდან რიგ შემთხვევებში ის შეკრების და მანიფესტაციის გამართვას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. სასამართლომ აღნიშნა, რომ შეკრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც ის ხელს უშლის დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას, ან როდესაც შეზღუდვა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით არის განპირობებული.
სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნია კანონის ის ნორმა, რომელიც არ აძლევდა მოქალაქეს უფლებას, ყოფილიყო შეკრებისა და მანიფესტაციის ინიციატორი, ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირს - უფლებას, გაეწია აქციის ორგანიზება და ყოფილიყო პასუხისმგებელი პირი.
სასამართლომ კონსტიტუციის შესაბამისად ჩათვალა კანონის ნორმები, რომლებიც ტრანსპორტის სავალი ნაწილის თვითნებურ/თვითმიზნურ გადაკეტვას (მათ შორის სხვადასხვა კონსტრუქციებით, საგნებით და ავტომობილებით) კრძალავენ. სასამართლომ ქუჩის გადაკეტვა შესაძლებლად მიიჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს შეკრებაში მონაწილეთა რაოდენობით არის გამოწვეული. ასევე კონსტიტუციურად იქნა მიიჩნეული დასახლებულ პუნქტებში ავტომანქანებით ისეთი ჯგუფური მოძრაობის შეზღუდვა, რა დროსაც, გამიზნულად, სრულად ხდება გზის სავალი ნაწილის დაკავება, მისი ბლოკირება.
სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმა, რომელიც ქუჩის გადაკეტვის ან კანონის სხვა მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შეკრების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითავლისწინებდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ შეკრებაში მონაწილეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, შეკრება (მანიფესტაცია) კანონის მოთხოვნათა შესაბამისობაში მოიყვანონ. ხოლო შეკრების შეწყვეტა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია კანონის ნორმა, რომელიც კრძალავs შეკრებისა და მანიფესტაციის მსვლელობისას კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით დამხობისკენ მოწოდებებს. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ" კანონთან ერთობლიობაში უნდა იქნეს წაკითხული, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას დასაშვებად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს, როდესაც მოწოდება მიზნად ისახავს ძალადობრივი ქმედების განხორციელებას და ამასთანავე საფრთხე რეალურია. გარდა ამისა, შეკრება შეიძლება შეწყდეს, როდესაც კონსტიტუციური წყობილების დამხობის და ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდებები მასობრივ ხასიათს ატარებს.
ასევე კონსტიტუციურია ნორმა, რომელიც კრძალავს სხვადასხვა სახის ნახატებისა და წარწერების შესრულებას ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიებზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული შენობების ფასადებისა და მიმდებარე ტერიტორიის სხვადასხვა სახის წარწერით დამახინჯება, საფრთხეს შეუქმნიდა საზოგადოებრივი წესრიგსა და უსაფრთხოებას.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია კანონის ის ნორმები, რომლებიც კრძალავენ მოსამართლის საცხოვრებელი ადგილიდან შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას, რადგან სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვა ემსახურება მოსამართლის (სასამართლოს) დამოუკიდებლობის და მოსამართლის პირადი ცხოვრების დაცვის უზრუნველყოფას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურზე კანონმდებლობით დაკისრებული კონკრეტული ამოცანების, კომპეტენციის, უფლებამოსილების სპეციფიკურობის გამო, კონსტიტუციასთან შესაბამის ნორმად იქნა მიჩნეული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობის (მათი ორგანიზების) აკრძალვა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე: ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია", საქართველოს მოქალაქეები ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".