ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს თქმით, იმ ექვსი F-16 ტიპის გამანადგურებლის პირველი ნაწილი, რომელიც ნორვეგიამ ფორმალურად უკვე გადასცა უკრაინას და რომლებიც ამჟამად უცხოეთში გადიან სრულ ტექნიკურ მომსახურებას, მალე მზად იქნება საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად.
ამის შესახებ, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. იუწყება უკრაინული მედია.
სტორემ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გადაცემული F-16-ების ტექნიკური მომსახურება ბელგიაში კვლავ გრძელდება . მისი თქმით, თვითმფრინავები უკვე უკრაინის საკუთრებაა, თუმცა მათ სპეციალისტები ჯერ კიდევ ამზადებენ და ამოწმებენ.
მან ასევე თქვა, რომ ნორვეგიამ უკრაინას გადასცა ექვსი F-16, რომლებიც თავად ნორვეგიაში აღარ გამოიყენებოდა, რადგან ქვეყანას უკვე აქვს უფრო თანამედროვე F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლები.
„ეს თვითმფრინავები საჭიროებდნენ სერიოზულ შეკეთებას და მომზადებას, რათა უკრაინის საჰაერო ძალების შემადგენლობაში შესულიყვნენ… ისინი უკვე უკრაინის საკუთრებაა და მათ ბელგიაში ამოწმებენ და ემსახურებიან ტექნიკოსები, შეთანხმების საფუძველზე, რომელიც აშშ-ისა და უკრაინის მონაწილეობით გაფორმდა. ვფიქრობ, პირველი პარტია მალე მზად იქნება ამოცანების შესასრულებლად“, განაცხადა სტიორემ, თუმცა კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია.