ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ ის დანაშაულები, რომლებსაც ივანიშვილის რეჟიმის მსახურები სჩადიან, უკვალოდ არ ჩაივლის და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, არ შეიძლება, 21-ე საუკუნეში, დაუსჯელი დარჩეს ყველა ტიპის ძალადობა, წამება და სხვადასხვა ტიპის დანაშაული.
„ამის შესახებაც ვაფრთხილებდით ამ ადამიანებს – არ შეიძლება, 21-ე საუკუნეში, ქვეყანაში, სადაც ყველა საუბრობს და ყველა შეთანხმებულია, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და ადრე თუ გვიან აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, შეგრჩეს ყველა ტიპის ძალადობა, წამება და სხვადასხვა ტიპის დანაშაული. ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, გაიგო, რომ ეს იყო „ოცნების“ მიერ გამიზნული პროვოკაცია, როდესაც მათ ჭიშკარი დააზიანეს და, ასე ვთქვათ, „სიურპრიზზე“ ისაუბრეს, თითქოს ამ სიურპრიზის მოსაწყობად ემზადებოდნენ. სინამდვილეში, აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებსაც და პროტესტში მონაწილე ადამიანებსაც მშვიდობიანი განზრახვები ჰქონდათ. ეს დასავლეთშიც კარგად იციან და შესაბამისი განცხადებებიც კეთდება. მით უმეტეს, პაატა ბურჭულაძე საქართველოს სავიზიტო ბარათია და მისი ციხეში ყოფნა ნამდვილად სამარცხვინოა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ითხოვს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ რამდენიმე პირის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.