სასტუმრო ძველ მეტეხში, არასაპარლამენტო ოპოზიციის და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა გაიმართა. არასაპარლამენტო ოპოზიციამ დიპლომატებს გააცნო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთობლივი მემორანდუმი პოლიტიკური პატიმრების და პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირების შესახებ საქართველოში.
მემორანდუმი მიხედვით საქართველოში პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულია 50 პირი; მათ შორის 26 პირი _ 2009 წლის 9 აპრილის აქციების დაწყების შემდეგ; 10 პირი იმყოფება პოლიტიკურ დევნილობაში ან ძებნაში; 53 პირის მიმართ მიმდინარეობს ძიება და აღკვეთის ღონისძიების სახით, ამ ეტაპზე გამოყენებულია არასაპატიმრო ღონისძიება.
არასაპარლამენტო ოპოზიციამ თხოვნით მიმართა დიპლომატიურ კორპუსს დააკვირდნენ პოლიტიკური პატიმრების სისხლის სამართლის საქმეების განხილვას სასამართლოში, აგრეთვე ევროპის საბჭოს ან ევროპის კავშირის ეგიდით შეიქმნას სპეციალური კომისია ან დაინიშნონ სპეციალური მომხსენებლები, რომლებიც დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ დასკვნას პოლიტიკური პატიმრების სისხლის სამართლის საქმეების შესახებ მიაწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას;
მემორანდუმს ხელს აწერენ დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოთვის, კონსერვატიული პარტია, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, "საქართველოს გზა", ხალხის პარტია.
პოლიტიკური პატიმრების პროცესებზე დაკვირვების ფარგლებში ადგილობრვი და საერთაშორისო დამკვირვებლები დაესწრებიან პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას პროცესს - 9 დეკემბერს, 15:00 საათზე ქუთაისში, სერგო ბესელიას პროცესს - 10 დეკემბერს, 11.00 საათზე ბათუმში და კობა კობალაძის პროცესს - 11 დეკემბერს, 11.00 საათზე თბილისში.