"სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა საქართველოს განვითარებისათვის" განცხადებას ავრცელებს.
"როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა _ "ეკონომიკური თავისუფლების აქტით" გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისიის დასკვნა გადაეგზავნა პარლამენტს, რომელიც ამ საკითხს 9 დეკემბერს განიხილავს. "აქტი" ზღუდავს პარლამენტს _ როგორც ქვეყნის წარმომადგენლობით და საკანონმდებლო ორგანოს _ ბიუჯეტის საშემოსავლო პოლიტიკის გასაზღვრასა და სახელმწიფო პოლიტიკის ფინანსურ უზრუნველყოფაში. ახალი ინიციატივებით,Yეს საკითხები გადასაწყვეტად გადაეცემა უშუალოდ მოსახლეობას, რაც ახლოს დგას პლებისციტარულ დემოკრატიასთან", _ აღნიშნულია განცხადებაში.
მათი განცხადებით, "ეკონომიკური თავისუფლების აქტი" თავისი არსით ე. წ. "ბონაპარტიზმის" კლასიკური მაგალითია, რომლითაც სერიოზულად იზღუდება წარმომადგენლობითი დემოკრატია და მისი უმთავრესი ინსტიტუტი _ პარლამენტი. შემოთავაზებული "პირდაპირი დემოკრატიის" მექანიზმი დღევანდელ რეალობაში განამტკიცებს მმართველი გუნდის, მისი აღმასრულებელი შტოს და უშუალოდ პრეზიდენტის ერთმმართველობას.
"ეკონომიკური თავისუფლების აქტი" კლავს ქართულ პარლამენტარიზმს, მის წარმომადგენლობით ფუნქციას. პარლამენტისთვის წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ფუნქციის კონსტიტუციური შეზღუდვა ეწინააღმდეგება თავად მმართველი გუნდის მიერ დეკლარირებული კურსის წარმომადგენლობითი ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებს, როცა ხალხი დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით და არა უშუალოდ იღებს გადაწყვეტილებებს.
ხალხის მიერ გადაწყვეტილებების მიღება ლიდერების ან ვიწრო მმართველი ჯგუფის მოწოდებების შესაბამისად, ხელს უწყობს ავტორიტარულ მმართველობის სტილის განმტკიცებას და გვახსენებს "პლებისციტარული დემოკრატიების" იმ მაგალითებს, რომლებმაც ისტორიული მარცხი განიცადეს და ტრაგედიები დაატრიალეს", _ აღნიშნულია განცხადებაში.
"სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა საქართველოს განვითარებისათვის" საინიციატივო ჯგუფი მიიჩნევს, რომ საჭიროა წარმომადგენლობითი ინსტიტუტების არა შესუსტება, არამედ მათი მნიშვნელოვნად გაძლიერება და რეალურად ამოქმედება საქართველოში, პირველ ყოვლისა, ეს პარლამენტს ეხება.