ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ ადამიანთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, ღვთის მსახურთა დევნა და ცილისწამება ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი წესით დაისაჯოს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, დაუშვებელია, ის რაც რაც მასმედიისა და ინტერნეტის გამოყენებით ხორციელდება.
ნათელაშვილის განცხადებით, ლეიბორისტული პარტია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში კანონპროექტს შეიტანს.
"პრეზიდენტ სააკაშვილის დირიჟორობით მისი დაქირავებულები საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას კვლავ აგრძელებენ. ვიყენებთ რა კონსტიტუციით მონიჭებულ საკანონმდებლო ინიციატივის უფლებას, პარლამენტში შეგვაქვს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ადამიანთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, ღვთისმსახურთა დევნა და ცილისწამება ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით დასჯადი იქნება. საქართველო ყოველთვის იყო მსოფლიო რელიგიური ტოლერანტობის სივრცე და აქ სწორედ კანონმა უნდა უზრუნველყოს რელიგიების დაცვა", _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, თუ ლეიბორისტების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში არ განიხილება, ხელისუფლება ამით კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ანტიეკლესიური პროპაგანდის ხელმძღვანელები სწორედ ისინი არიან.