გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მუშაობით კმაყოფილია.
"შესაძლოა, რთულია ელოდო პრობლემის სრულ გადაწყვეტას, მაგრამ კარგია, რომ მოხერხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შექმნის შესახებ შეთანხმების მიღწევა, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს", - განაცხადა პან გი მუნმა სააგენტო "რია ნოვოსტისათვის" მიცემულ ინტერვიუში.
ამასთან, მან ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესი კარგ საშუალებას ქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარების საქმეში.
"მე როგორც გაეროს გენერალური მდივანი მხარს ვუჭერ ყოველივე ამას", - განმარტა გაეროს გენერალურმა მდივანმა და პირობა დადო, რომ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ანტი ტურუნენი გააგრძელებს თავისი წვლილის შეტანას მოლაპარაკებებში.