იუსტიციის სამინისტრო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას აღარ განახორცილებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონში.
მოქმედი კანონმდებლობით, ექსპერტიზა არ უტარდებოდა საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტებს.
კანონპროექტის ცვლილებების თანახმად კი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს ეროვნული ბანკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების პროექტების, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) სამართლებრივი დასკვნისთვის გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი (გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) სამართლებრივი დასკვნისთვის იუსტიციის სამინისტროს უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მეორე დღისა, ბეჭდვითი ფორმით, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, ერთ ეგზემპლარად, აკინძული და უფლებამოსილი პირის მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული.
ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტის ელექტრონული ასლის სახით გაგზავნის შემთხვევაში გამგზავნი ვალდებულია 30 დღის ვადაში გადასცეს იუსტიციის სამინისტროს ბეჭდვითი ფორმის ნორმატიული აქტი.