მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპატრამენტმა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სესხების განკარგვის კანონიერების შესწავლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, "დორუკ ნათ ენდ ფუდ კომპანი" დირექტორი იამან ჩაღათაი დააკავა.
მთავარი პროკურატორის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ იამან ჩაღათაიმ 2008 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იაფი კრედიტის ფარგლებში მიიღო 1 მილიონ 955 ათასი ლარი კონკრეტული დანიშნულებით კერძოდ, ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში ციტრუსების გადამამუშავებელი ქარხნის ასაშენებლად, სადაც დასაქამდებოდა საქართველოს 300-მდე მოქალაქე.
ნაცვლად ამისა, ჩაღათაიმ მიღებული თანხიდან ნახევარზე მეტი, დაახლოებით 1 მილიონ 200 ათასი ლარი მიითვისა ისე, რომ არ შეუსრულებია არცერთი სასესხო ვალდებულება, არც ციტრუსების გადამამუშავებელი ქარხანა ამუშავებულა და შესაბამისად, არც ახალი სამუშაო ადგილები შექმნილა.
იამან ჩაღათაის ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, ასევე მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებასა და საბაჟო დოკუმენტაციის გაყალბებაში ედება.
აღნიშნული გათვალიწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე და 208-ე მუხლების მეორე ნაწილით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვე პუნქტით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თურქ ბიზნესმენს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.