საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა "ზესტაფონის" პრეზიდენტის ილია კოკაიას ბრალდებებს გამოეხმაურა. ილია კოკაიამ ფეხბურთის ფედერაცია არასწორ მენეჯმენტსა და არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა. სიჭინავამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა. მისი თქმით, "ზესტაფონსა" და ფედერაციას შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. კოკაიამ თქვა, რომ კლუბს ტრანსფერის დროს პრობლემები ხელოვნურად შეუქმნეს, კერძოდ კი ზურაბ მენთეშაშვილისა და ხორვატი ფეხბურთელის, გურიცას ტრანსფერები. კოკაია მიიჩნევს, რომ ფედერაციაში სრული ქაოსია.
"ფედერაციაში არანაირი ქაოსი არ არის. დღესაც არ არის ზესტაფონის მხრიდან გადახდილი ის თანხები, რომელიც ტრანსფერის დროს ფედერაციაში უნდა გადაიხადოს. თუმცა, იმის გამო რომ ფეხბურთელებს პრობლემა არ შექმნოდათ, ისინი მაინც დავარეგისტრირეთ და თამაშის საშუალება მივეცით. აღმასკომში არის ის ხალხი რომელიც ფედერაციამ აირჩია. უნდა გადაიხედოს კოკაიას პოზიცია ფედერაციის მიმართ. ეს არ არის დაპირისპირება ზესტაფონსა და ფედერაციას შორის. ეს არის პირადი დაპირისპირება კოკაიას მხრიდან, ოღონდ ვერ ვხვდები რატომ. დღეს საუკეთესო კლუბია ზესტაფონი ონფრასტრუქტურულადაც და ფინანსურადაც. დაპირისპირება არ ყოფილა ზესტაფონთან არასდროს და არც ყოფილა. თუ პირადი დაპირისპირება აქვს ჩემს მიმართ ასე სააშკარაოდ არ უნდა გამოიტანოს ეს. მისი ბრალდებები უსაფუძვლოა", - განაცხადა სიჭინავამ.
კოკაია, ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემის საშუალებით განაცხადა, რომ სიჭინავასგან ნებისმიერ პასუხებს მხოლოდ ტელეეკრანის საშუალებით იღებდა.