სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის შეფასებით, ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწელი პროგრესი დიდია.
"ჩვენი პოზიცია, რაც ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღებული და შემდეგ ლისაბონში დადასტურდა, არ შეცვლილა. საქართველო გახდება ნატოს წევრი, თუკი ქვეყანას ამის სურვილი ექნება და სტანდარტებს დააკმაყოფილებს. საქართველო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ეს სტანდარტები დაკმაყოფილებულ იქნას. გასულ წელს მიღწეული პროგრესი დიდია და ეს არის ჩვენი მოკავშირე ქვეყნების შეფასება. თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი რჩება", - განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა აპატურაიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, ხარვეზები დემოკრატიული და თავდაცვის კუთხით არსებობს, რის კონტექსტში, ნატოს გენმდივნის წარმომადგენელმა ქართულ მხარეს რეფორმების სწორედ ამ მიმართულებით მიმართვისკენ ურჩია.
"პრიორიტეტულ მიმართულებებს საქართველო ირჩევს, ჩვენ მხოლოდ ვიწონებთ მას და წლის ბოლოს ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს ვაფასებთ. მნიშვნელოვანი იყო საქართველოს კონსტიტუციური რეფორმები. ახლა ველოდებით არჩევნების ჩატარებას და მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები დაძაბულია, ჩვენ მას მხარს ვუჭერთ..." გენერალური მდივნის თხოვნაა, რომ თავდაცვის ეფექტურობისთვის არსებული რესურსები უფრო ეფექტურად იქნას გამოყენებული", - აღნიშნა ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
რაც შეეხება უშუალოდ საქართველო-ნატოს ურთიერთობებს, ჯეიმს აპატურაის შეფასებით, ის თანდათან მყარდება.
"ჩვენი ურთიერთობები სწორი მიმართულებით ვითარდება. ის ახლა ძალიან მაღალ ეტაპზეა. ჩვენ ვამყარებთ ურთიერთობას", - დასძინა მან.