"ფეხბურთის ლიგას სჭირდება ტრანსლაცია. ლიგის ყველა ძირითადი თამაში უნდა იყოს ტრანსლირებული საზოგადოებრივ არხზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრისას.
"მიმაჩნია, რომ ფეხბურთი ეროვნული საქმეა. უბრალოდ არ შეიძლება, რომ საქართველოში არ გვქონდეს კარგი ფეხბურთი. ჩვენისთანა ტრადიციების ქვეყანას, ჩვენი განწყობისა და სულისკვეთების ქვეყანას უნდა ჰქონდეს კარგი ფეხბურთი, მაგრამ ამას უნდა ძალიან სერიოზული მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან", _ აცხადებს სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ გარდა ფინანსური სტიმულებისა, ძალიან მნიშვნელოვანია, ფეხბურთი გახდეს საყოველთაო და ყურადღების ცენტრში მოექცეს.
"ტრანსლაცია აამაღლებს მსაჯობის დონეს, იმიტომ რომ მუდმივი სკანდალები ამ მსაჯებზე უკვე ყველა საზღვარს სცდება და მეორე გუნდებს გაუჩნდებათ სტიმული. გარდა ფინანსური სტიმულებისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთი გახდეს საყოველთაო და ყურადღების ცენტრში მოექცეს. ეს თავისთავად ფეხბურთელებს მორალურ სტიმულსაც მისცემს", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.