საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილის და ქუთაისში ტერაქტების მცდელობასთან უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. სააკაშვილმა დღევანდელი მოვლენები და საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე თვის წინ მომხდარი აფეთქებები ერთმანეთს დაუკავშირა.
"უნდა გავაძლიეროთ უსაფრთხოების ზომები", _ განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის განცხადებით, დღეს მოხდა ორგანიზებული, დაფინანსებული ტერორისტული შეტევა მშვიდობიან ობიექტებზე ქუთაისში.
"მანამდე გაიხსნა ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი კორძაძის მკვლელობა ბათუმში და ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდა საქართველოს რკინიგზაზე, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ნათელია, რომ ამ ყველაფერს ერთმანეთთან კავშირი აქვს. ჩვენ გვაქვს სრული ინფორმაცია, რაც ხდება. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რომ ის სიმშვიდე, რომელიც სხვა რეგიონებთან შედარებით საქართველომ მოიპოვა ბოლო წლებში, განსაკუთრებით ჩრდილოელ მეზობელთან შედარებით, იქნას შენარჩუნებული", _ განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა სამართალდამცველებს საქმის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა დღეს ტერაქტების მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს. ზუგდიდში დააკავეს გალში მცხოვრები მანუჩარ ძაძუა და მისი ბიძაშვილი ავთანდილ ძაძუა. მანუჩარ ძაძუას დაკავებისას ამოღებულია ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი, რომელშიც დამონტაჟებული იყო დროის შემაყოვნებელი ამფეთქი მექანიზმი მოდერნიზებული დეტონატორით.
ბრალდებულების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ასაფეთქებელი ნივთიერება მათ ოჩამჩირეში, რუსეთის ფედერაციის ოფიცერმა, ვინმე ვალოდიამ გადასცა. დაკავებულების თქმით, მათ დავალებული ჰქონდათ აეფეთქებინათ ბომბი ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ადმინისტრაციულ სამხარეო შენობასთან, იუსტიციის სახლთან, რომელშიც განთავსებულია სადვოკატო ბიურო და ქუთაისის "ლეიბორისტული პარტიის" ოფისთან.
დაკავებულების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 18-323 მუხლით (ტერორისტული აქტის მომზადება). ამავე ბრალდებით დაკავებულია სოფელ ორსანტიაში მცხოვრები კალისტრატე მალანია, რომელმაც ხელი შეუწყო და დაეხმარა მანუჩარ ძაძუას, ასაფეთქებელი ნივთიერების გადმოტანაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან.