სამართალდამცველების მხრიდან დამნაშავის დაკავების მომენტში ძალის გადამეტება პრობლემად რჩება. აღნიშნული საკითხი სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშში მოექცა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პრობლემას წარმოადგენს დაკავებისას პოლიციის მიერ
ძალის გადამეტება.
"სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საპყრობილეებში სხეულის სხვადასხვა
დაზიანებით შეყვანილი იქნა 403 პატიმარი, მათგან 42 პატიმარმა განმარტა, რომ
დაზიანება მიიღო დაკავებისას. საქართველოს მთავარი პროკურატურიდან სახალხო დამცველის აპარატში შემოსული პასუხების მიხედვით, გასაუბრების შედეგად 42 პატიმრიდან რვამ დაადასტურა, რომ სხეულის დაზიანება მიღებული ჰქონდა დაკავებისას, რის გამოც აღნიშნულ საქმეებზე დაიწყო წინასწარი გამოძიებ", - ნათქვამია ანგარიშში.
აღნიშნულის გარდა, მონიტორინგმა კვლავ გამოავლინა არასათანადო მოპყრობის შემთხვევები სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც.
ანგარიშის მიხედვით, კვლავ ფუნქციონირებს ის დაწესებულებები, რომლებიც არანაირ განახლებას არ ექვემდებარება და რომლებშიც განთავსებული პატიმრები, დაწესებულებებში არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ ვითარებაში იმყოფებიან.
"აღნიშნული არ შეეხება ჰაუპტვახტებს - მხოლოდ ის ჰაუპტვახტები ფუნქციონირებს,
რომლებიც ახლად არის აშენებული და მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს სტანდარტებს.
გორის, ბათუმის და ახალციხის ჰაუპტვახტებმა ფუნქციონირება შეწყვიტა 2010 წლის
დასაწყისში", - ნათქვამია დოკუმენტში.
სახალხო დამცველის ანგარიშში დადებით ტენდენციად არის შეფასებული ყველა ტიპის დახურული დაწესებულების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და რამდენიმე საპატიმროს გარემონტება.