საქართველოს ტერიტორიულმა დანაკარგებმა აზერბაიჯანთან 293 ჰექტარი შეადგინა, - ამ სათაურით აქვეყნებს კახეთის საინფორმაციო ცენტრი სტატიას, რომელშიც ავტორი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის ტრანსფორმაციის შესახებ დასკვნას იყენებს.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის ტრანსფორმაციის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის მიხედვით, სასაზღვრო ზოლის ალაზნის მონაკვეთზე გამოვლენილია ტერიტორიული ცვლილების 69 ადგილი. აქედან, 42 შემთხვევაში ფაქტიური საზღვარი გადმონაცვლებულია საქართველოს მხარეს და მხოლოდ 27 აზერბაიჯანის საზიანოდ. საქართველოს ტერიტორიულმა დანაკარგებმა დაახლოებით 293 ჰექტარი შეადგინა.
CENN-ის ცნობით, აზერბაიჯანის მხარეზე ეს მონაცემი 224 ჰექტარს არ აღემატება. (აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის მთავრობა საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით, ალაზანს აქეთ დარჩენილი ტერიტორიების დიდ ნაწილს აკონტროლებს. ავტ) ამასთან, ადგილზე მდინარის სწორი უბნების ვიზუალური დათვალიერების შედეგად, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საფუძვლიანი საველე კვლევების ჩატარების შემდეგ, ეს სხვაობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პერიმეტრის 19,6% (415,15 კმ) 23 დასახელების დიდ და პატარა მდინარეზე გადის. აქედან ყველაზე გრძელი მონაკვეთი (190,25 კმ) მდინარე ალაზანზე მოდიოდა. მდინარის ეს მონაკვეთი ჩვენი ქვეყნის აზერბაიჯანთან თანამედროვე საზღვრის (478,42 კმ) 40,2% შეადგენდა და, ისე როგორც საქართველოს აღმოსავლეთ საზღვრის დანარჩენი უბნები, ხშირი ცვლილებებით ხასიათდებოდა. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ზაქათალის ოკრუგი თბილისის გუბერნიაში შემოდიოდა, მაგრამ უკვე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ადერბეიჯანის (აზერბაიჯანის) სოციალისტურ რესპუბლიკას შორის დადებული (12.06.1920) საზავო ხელშეკრულებით ამ ტერიტორიაზე კონდომინიუმი (ერთობლივი მფლობელობა) გამოცხადდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ამ უბანზე საქართველო - აზერბაიჯანის ადმინისტრაციულმა საზღვარმა მდინარე ალაზანზე გადმოინაცვლა და იგი უბრალო გამიჯვნის პრინციპით იქნა გატარებული. შემდეგ ამან ამიერკავკასიის (თბილისი, 1938) რესპუბლიკების ხელმძღვანელთა კონფერენციაზე (1:500 000 მასშტაბის რუკაზე) შეთანხმების ხელმოწერის შედეგად საქართველოს საზღვრის სტატუსი მიიღო. აქედან გამომდინარე ის ტერიტორიის სამეურნეო დაყოფის საფუძველზეა გატარებული, რის გამოც მისი მდებარეობა ადგილზე დაზუსტებული არ არის და ხშირად გაუგებრობის მიზეზი ხდება. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამ დღის წესრიგში დააყენა ამ უბნების დელიმიტაცია - დემარკაციის საკითხი.
საზღვრების სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია 17 წელია მუშაობ, თუმცა ორ ქვეყანას შორის საზღვარი დადგენილი არ არის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, სადაო ტერიტორიებად რჩება დავით გარეჯი და სოფელი ერისიმედი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის რეზო თოლარდავას თქმით, საქართველოს მხარეს მეტი ტერიტორიული დანაკარგები ფიზიკურ - გეოგრაფიული თავისებურებებითაა განპირობებული. „მდინარე ალაზნის წყალშემკრები აუზის მარცხენა მხარე, ატმოსფერული ნალექების რაოდენობით, მკვეთრად აღემატება მარჯვენას; საზღვრის მარცხვნივ მდებარე ტერიტორიაზე გაცილებით მაღალი ჰიპსომეტრული სხვაობა ფიქსირდება ვიდრე მარჯვენაზე; ადამიანის სამეურნეო მოქმედებები (არხების გაჭრა, კალაპოტის გადაკეტვა და სხვა; მდინარეზე, როგორც მოძრავ სხეულზე, მოქმედებს კორიოლისის ძალა, რომელიც აიძულებს მდინარე ალაზანს გადაიხაროს მარჯვნივ", - ამბობს თოლორდავა.
მისივე თქმით, ზემოთ ჩამოთვლილი პირველი პირობა ხელს უწყობს მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადებში მყარი ნატანის დიდი რაოდენობით ჩამოყალიბებას, რომელიც თავის მხრივ თავს იყრის მეანდრეების ე.წ. ყელებზე და იწვევს მათ გადაკეტვას. ასეთ ადგილებში მდინარე იცვლის მიმართულებას და ხდება ახალი კალაპოტის ფორმირება. „ასეთი სახის გარდაქმნები სასაზღვრო ზოლის ალაზნის მონაკვეთის მთელ პერიმეტრზე უხვად ფიქსირდება. გარდა ამისა ტერიტორიული ცვლილებები კალაპოტის სწორ ადგილებშიც შეინიშნება, თუმცა მათი შემჩნევა რუკებზე სივიწროვის გამო (20-25მ.) პრაქტიულად შეუძლებელია და აეროფოტოგადაღებების ჩატარებაა აუცილებელი", - აღნიშნავს რეზო თოლორდავა.