სასტუმრო რედისონში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ასოციაციის დამფუძნებელი კრება მიმდინარეობს.
ნებისმიერ ჟურნალისტს, ვინც ქარტიის პრინციპებს იზიარებს, შეუძლია ხელმოწერით დააფიქსიროს ქარტიის მხარდაჭერა.
ჟურნალისტ ია ანთაძის განცხადებით, აირჩევა მედიასაბჭო, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ქარტიაში არსებული პუნქტების შესრულებას. ანთაძის თქმით, საბჭო 9 ჟურნალისტისაგან დაკომპლექტდება. საბჭოში სამი თბილისში რეგისტრირებული და ექვსი რეგიონის ჟურნალისტი და რედაქტორი შევა.
"ეს პრინციპი ხელს შეუწყობს მედიის თვითრეგულაციის მექანიზმის სიცოცხლისუნარიანობას და მის მიმართ საზოგადოების ნდობის მოპოვებას. მედიის თვითრეგულაციის ქმედით მექანიზმს შეუძლია აამაღლოს საზოგადოების ნდობა საქართველოს ჟურნალისტების და ზოგადად ქართული მედიის მიმართ", _ განაცხადა ია ანთაძემ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 11 პუნქტისაგა შედგება. ეთიკის ძირითადი პრინციპებია: ზუსტი ინფორმაციის გავრცელება, აზრის გამოხატვის თავისუფლება, დადასტურებული წყარო, კონფიდენციალური ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა, დისკრიმინაციის თავიდან აცილება რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის და სხვ. ბავშვთა უფლებების დაცვა, ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობა.
ქარტიაში საგანგებოდაა აღნიშნული, რომ დაუშვებელია ფაქტების განზრახ დამახინჯება, პლაგიატი და ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ