სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრი ვიაჩესლავ ვარდანია კატეგორიულად უარყოფს საქართველოს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის დიმიტრი კორძაძის მკვლელობაში მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
დღეს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ვიაჩესლავ ვარდანიამ აღნიშნულის შესახებ ოფიციალური განცხადება დააკეთა გა განაცხადა: "მე არავითარი კავშირი არა მაქვს დიმიტრი კორძაძის მკვლელობასთან და ბრალდებულთაგან არც ერთს არ ვიცნობ", _ განაცხადა ვარდანიამ და არ გამორიცხა, რომ კორძაძის მკვლელობასთან შესაძლოა "კავშირი საქართველოს შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს ჰქონდეს, ვინაიდან მათ ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, გასაკუთრებით ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციის" დროს", _ აცხადებს ვარდანია.
მისი თქმით, "2004 წელს კორძაძე ზუგდიდში იქნა გადაყვანილი განსაკუთრებულ დავალებათა რეგიონალურისამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. იგი უზრუნველყოფდა კოდორის ხეობაში ქართული ჯარის შეყვანას, მან მოახდინა ჯვარში რუსული საგუშაგოს ბლოკირება და დაკავშირებული იყო, ისეთ ადამიანებთან როგორებიც არიან დათო შენგელია და სლავიკ ბიგვავა. იგი აკონტროლებდა მთელს ლითონს, რომელიც აფხაზეთიდან საქართველოში შედიოდა".
"გასაკვირია, რომ დაკავებული, რომელიც ეჭვნიტანილია ავტომობილის აფეთქებაში, ჩემს სახელს არ ახსენებს, ამიტომაც საინტერესოა რაზეა აგებული ქართველების ბრალდება?" _ აცხადებს ვარდანია და აგრძელებს - "რაც შეეხება ადლერისა და სოჭის მაცხოვრებლებს, ვისი ტელეფონის ნომრები და სახელები მოკლულის წიგნაკში აღმოჩნდა, ეს ხალხი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კერძო ბიზნესით არიან დაკავებულნი და თხილის შესყიდვას აწარმოებენ. საქართველოს სპეცსამსახურებისათვის მათი ვინაობის დადგენა საჭირო რომ ყოფილიყო, ისინი ამას მოახერხებდნენ", _ განაცხადა ე.წ. დეპუტატმა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველა შესაძლო საშუალება იყენებს და აკეთებს ყოველივე შესაძლებელს და შეუძლებელს იმისათვის, რომ აფხაზეთი და რუსეთი ნეგატიურ ჩრდილში წარმოაჩინოს.
ვარდანიამ საქართველოს შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას პროვოკაციული უწოდა და განაცხადა, რომ "ყველა ეს პროვოკაციული მოქმედება, რომელიც სოჭის ოლიმპიადის ჩატარების წინ ხორციელდება, მიმართულია მდგომარეობის დესტაბილიზაციისათვის და რუსეთის ნდობის შერყევისათვის აფხაზეთისადმი".
"ამერიკისგან და სხვა ქვეყნებისაგან დავიწყებული საქართველო ასეთი გზით ცდილობს ყურადღების მიპყრობას და მიმაჩნია, რომ მისი ეს მცდელობა ბოლო ნამდვილად არ არის", _ აცხადებს ვარდანია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შს სამინისროს მიერ 22 მარტს გავრცელებული განცხადების მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს მიერ გახსნილია შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის დიმიტრი კორძაძის მკვლელობის საქმე.
დიმიტრი კორძაძე 2004-2007 მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს, ზუგდიდის განსაკუთრებულ დავალებათა მე-2 სამმართველოს უფროსად. 2010 წლის 5 მაისს, ქ. ბათუმში, ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთზე, აფეთქებულ იქნა დიმიტრი კორძაძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი "ტოიოტა ჰაილუქსი." თავდასმისას დაიღუპა დიმიტრი კორძაძე, ხოლო მის გვერდით მჯდომი ბადრი ლაპარაძე მძიმედ დაშავდა. იმავე დღეს შინაგან საქმეთ სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოიძიება დიმიტრი კორძაძის მკვლელობის ფაქტზე.
გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ 2009 წლის იანვარში დანაშაულებრივი სამყაროს წევრებს ოთარ როგავასა და თემურ ბუთბაიას, რომლებიც წინა წლებში მოპარული ავტომანქანების აფხაზეთის ტერიტორიაზე რეალიზაციით იყვნენ დაკავებული, დაუკავშირდნენ ცნობილი აფხაზი კრიმინალი ვალმერ ბუთბა და აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პარლამენტის დეპუტატი სლავიკ ვარდანია. აღნიშნულმა პიროვნებებმა ოთარ როგავასა და თემურ ბუთბაიას ორი რუსი მამაკაცი გააცნეს, რომლებიც, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ-ს) თანამშრომლები არიან. მათი შეხვედრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე შედგა.
რუსებმა ოთარ როგავასა და თეიმურაზ ბუთბაიას დიმიტრი კორძაძის ფოტოსურათი გადასცეს და მისი საცხოვრებელი ადგილისა და გადაადგილების მარშრუტის დადგენა სთხოვეს, ხოლო აღნიშნული დავალების შესასრულებლად, ავანსის სახით, 5 000 აშშ დოლარი მისცეს. ამის შემდეგ, ოთარ როგავა ქ. ბათუმში თავის ნაცნობს დავით როყვას დაუკავშირდა და კორძაძის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში დახმარება სთხოვა. ოთარ როგავამ და თემურ ბუთბაიამ ქ. ბათუმში ასევე გაიცნეს დავით როყვას ნათესავი გიორგი გაბუნია და მეგობარი ლევან ქარცხავა, რომელთა საშუალებითაც კორძაძის სახცოვრებელი ადგილი და გადაადგილების მარშრუტი დაადგინეს.
2010 წლის მარტში ოთარ როგავა და თეიმურაზ ბუთბაია კვლავ შეხვდნენ ზემოხსენებულ ორ რუს პირს ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც მათ დამატებით 5000 აშშ დოლარი და ასაფეთქებელი მოწყობილობა მიიღეს. აღნიშნული მოწყობილობა კრიმინალებს დიმიტრი კორძაძის ავტომანქანაში უნდა დაემონტაჟებინათ. 2010 წლის 4 მაისს როგავამ და ბუთბაიამ ასაფეთქებელი მოწყობილობა ქ. ბათუმში გადაიტანეს, სადაც ბუთბაიამ ის კორძაძის ავტომანქანის ქვეშ დაამონტაჟა. დიმიტრი კორძაძის ლიკვიდაციის შემდეგ დამკვეთები თეიმურაზ ბუთბაიას ისევ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქ. გალში, შეხვდნენ და 42 000 აშშ დოლარი გადასცეს.
პოლიცის მიერ ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკავებულნი არიან დანაშაულის ჩადენასა და ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი შემდეგი პიროვნებები: თემურ ბუთბაია, ოთარ როგავა, დავით როყვა, ლევან ქარცხავა. ოთარ როგავამ ციხის საპყრობილეში მოიკლა თავი. იძებნება დანაშაულის თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილი გიორგი გაბუნია.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი 2011 წლის 5 აპრილს დაიწყება.