საქართველომ იაპონიას მილიონი დოლარი გადაურიცხა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ოფიციალური ინფორმაციით, დღეს უწყების ხელმძღვანელის მოადგილე დავით ჯალაღანია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასაიოში კამოჰარას შეხვდა და ამის შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა.
"მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები, ასევე შეეხნენ მიმდინარე წლის 11 მარტს იაპონიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრისა და დამანგრეველი ცუნამის შედეგად შექმნილ მდგომარეობას. ქართულმა მხარემ მიიღო ბოლო ინფორმაცია ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე ამჟამად შექმნილ სიტუაციის, ასევე იაპონიაში წყლისა და საკვები პროდუქტების რადიაციული დაბინძურების არსებული მდგომარეობის შესახებ. იაპონიის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მხრიდან იაპონიაში მომხდარი კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისათვის ერთი მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარების გადარიცხვის თაობაზე, რომელიც განხორციელდა საერთაშორისო წითელი ჯვრის იაპონიის ოფისის მეშვეობით", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.