"ის, რომ ვალენტობა ქიმიაში არ ნიშნავს ვალენტინობის დღეს და შარლ დე გოლი არ იყო ეგვიპტის ფარაონი, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მისი განმარტებით, სწორედ იმიტომ, რომ მოსწავლეებმა მიიღონ ზოგადი განათლება და მათი სკოლებში სიარული ფუჭი არ აღმოჩნდეს, მოხდა საატესტატო გამოცდების დანიშვნა, რომელიც ყველამ უნდა ჩააბაროს.
"გამოცდები დაიწყება 23 მაისს და დამთავრდება 1-ელ ივნისს. გამოცდები ჩატარდება "კარტის" სისტემით ანუ ყველაზე თანამედროვე სისტემით მსოფლიოში. შევიტანთ სკოლებში 15 ათას კომპიუტერს და ბავშვები ონლაინრეჟიმში ჩააბარებენ გამოცდებს. სერვერები უკვე დამონტაჟებულია. პირველ ეტაპზე მინიმალური ბარიერი იქნება რეალურად მინიმალური. მომავალ წელს უფრო მაღალი. 2012-13 კიდევ უფრო მაღალი და 2014 წელს იქნება ისეთი სირთულის გამოცდები, როგორიც ეკადრება ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნა შაშკინმა.