პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის შეფასებით, საქართველოს მთავრობას გაზრდილ ფასებზე "მყისიერი რეაქცია" ჰქონდა.
"რთული პრობლემების მიუხედავად ჩვენ, გარკვეულწლილად, მოვახერხეთ ჩვენი ეკონომიკა საფრთხეებისგან დაგვეცვა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ კმაყოფილები ვართ და ყველაფერი კარგად არის. ბოლო ორ წელიწადში ჩვენმა ეკონომიკამ სერიოზული დარტყმა მიიღო: 2009 წელს ქვეყნის ეკონომიის ზრდა - 3,9 % იყო, შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2010 წელს დაფიქსირდა 11-ზე მაღალ პროცენტიანი ფასების ზრდა, ინფლაცია კიდევ უფრო იზრდება, შესაბამისად, ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს კიდევ უფრო უჭირს. ამ ყველაფერზე მთავრობის მყისიერი რეაგირება იყო ის, რასაც ახლაც ვახორციელებთ - 20 ლარიანი ელექტროენერგიის, 30 ლარიანი სასურსათო ვაუჩერების დარიგება და პენსიების ზრდა, რომელიც წლის მეორე ნახევრიდან შევა ძალაში", - განაცხადა გილაურმა პარლამენტში, სამთავრობო დებატებისას სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განმარტებით, რა თქმა უნდა, 20 და 30 ლარიანი ვაუჩერების დარიგება არ არის იდეალური გადაწყვეტილება და ეს მთავრობამაც კარგად იცის, თუმცა აღნიშნული პროგრამები მოსახლეობას მძიმე სოციალურ ყოფას ცოტათი მაინც უმსუბუქებს.
"ვიცით, რომ ეს არ არის იდეალური გადაწყვეტილება. ეს არის შუალედური გადაწყვეტილება და ჩვენი მიზანი სინამდვილეში ჯანსაღი, გრძელვადიანი, სტაბილური ეკონომიკის შექმნაა. ეკონომიკის, სადაც სამუშაო ადგილები იქნება მუდმივად, ამიტომაც ვაგრძელებთ ორიენტაციას ინვესტირებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე და ვცდილოვთ ფული ჩაიდოს ენერგეტიკის, საგზაო ინფრასტრუქტურის სფეროებში, ვზრდით სოფლის მეურნეობის დაფინანსებას, რომ გაზრდილი ფასების პირობებში ჩვენს გლეხებს მეტი შემოსავალი დარჩეს. ჩვენი მიზანია უფრო მეტი ექსპორტი საქართველოდან და მეტი ტურისტი საქართველოში. რადგან სწორედ ესაა ფორმულა ჯანსაღი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ესაა ფორმულა იმისთვის, რომ საქართველოში სამუშაო ადგილები შეიქმნას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე შეფასებით, აღნიშნული მიზების მისაღწევად მთავრობა ფულადსაკრედიტო პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას უზრუნველყოფს.
"მიუხედავად სირთულეებისა უკვე არსებობს პირველი ნიშნები, ვიყოთ დარწმუნებულები, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ეს ნიშნები კონკრეტულ ციფრებში გამოიხატება", - დასძინა ნიკა გილაურმა.
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში ამ წუთებშიც გრძელდება. პრემიერი დეპუტატებთან ქვეყნის განვითარების კონკრეტული სტრატეგიული გეგმით მივიდა.