4 დეკემბერს ბერლინში დასრულდება საერთაშორისო სიმპოზიუმი "გლობალური სანავიგაციო სატელიტური სისტემები და მათი გამოყენება", რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი სპეციალისტებიც _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა მესხიძე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სიმპოზიუმზე წარადგინეს საკითხი საქართველოში CORS-ის ქსელის ჩამოყალიბების შესახებ. საქართველოში უწყვეტად მოქმედი საინფორმაციო სისტემის (CORS-) ჩამოყალიბება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარეობს. შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) "საჯარო რეესტრის ორგანიზაციული განვითარებისა და მხარდაჭერის" პროექტის ფარგლებში, უკვე შესწავლილია სისტემის ტექნიკურ-ეკონომიკური მონაცემები; სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე, მსოფლიო ბანკის მიერ გამოცხადდა ტენდერი იმ აუცილებელი ტექნიკის შესყიდვაზე, რომელიც საჭიროა CORS--ის სისტემის შექმნის პირველი ეტაპისათვის.
აღნიშნულ სიმპოზიუმში მონაწილეობის მიღება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია დასავლური გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.
სიმპოზიუმში მონაწილეობა სააგენტოს საშუალებას მისცემს წარმატებით განახორციელოს საქართველოში CORS--ის ქსელის შექმნა და მისი ევროპის ერთიან სისტემაში ჩართვა, რაც ხელს შეუწყობს ეფექტური და მუდმივმოქმედი საინფორმაციო სისტემის დანერგვას ქვეყნის მასშტაბით.
სიმპოზიუმის ორგანიზატორები არიან ბერლინის სენატის ურბანული განვითარების განყოფილება, ევროპის ადგილმდებარეობის განსაზღვრის ევროპული სისტემა (EUPOS), გაეროს საერთაშორისო კოსმოსური სააგენტოს (UNOOSA) და გლობალური სანავიგაციო სატელიტური სისტემების საერთაშორისო კომიტეტი (ICG).