მიხეილ შოლოხოვის რომანს "წყნარი დონი" ცენზურის გარეშე პირველად გამოსცემენ. იგი ავტორისეული ხელნაწერის ვარიანტი იქნება, რასაც რედაქტორისა და ცენზურის ხელი არ შეხებია. წიგნი რუსულმა გამომცემლობამ მოამზადა, უკრაინაში კი მას დაბეჭდავენ.
ერთტომეული, რომელიც ათასობით ეგზემპლარი გამოვა, მიმდინარე წლის 9 აპრილამდე გამოიცემა.
ტექსტი დასაბეჭდად მოამზადეს მწერალმა ალექსანდრე სტრუჩკოვმა და შოლოხოვის უფროსმა ქალიშვილმა.
როგორც ხარკოვის მწერალთა კავშირში იტყობინებიან, ახალ გამოცემაში შოლოხოვის რამდენიმე ათასი სიტყვა შევა. ამასთან, დაიბეჭდება მთელი თავი, რომელიც ვეშენსკის აჯანყებას შეეხება.
"წყნარი დონის" გამოცემა 1927 წლიდან დაიწყეს. მაშინვე გავრცელდა ხმები, რომ რომან-ეპოპეის ავტორი სრულიადაც არ ყოფილა მიხეილ შოლოხოვი (რომელიც რომანის პირველი თავების დაბეჭდვის დროისთვის მხოლოდ 22 წლის იყო). გაჩნდა სხვა ვერსიაც, რომ შოლოხოვმა მიითვისა დახვრეტილი თეთრი ოფიცრის ხელნაწერი. მრავალი წლის განმავლობაში რომანის საავტორო საკითხი უცხოეთისთვის მთავარ თემად რჩებოდა. მოგვიანებით ამ თემით დაინტერესდნენ რუსი "შოლოხოვმცოდნეებიც".
შოლოხოვის ავტორობის მოწინააღმდეგეთა შორის ცნობილი რუსი მწერალი ალექსანდრე სოლჟენიცინიც იყო. იგი, ისევე როგორც, სხვები, "წყნარი დონის" ავტორად, შოლოხოვის გარდა, უამრავ კანდიდატურას ასახელებდნენ.
რომანის პირველი ორი წიგნის ხელნაწერი დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად მიიჩნეოდა. ხელნაწერები მხოლოდ 1999 წელს, მწერლის გარდაცვალებიდან 15 წლის შემდეგ აღმოაჩინეს. გრაფოლოგურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ტექსტის ხელნაწერი შოლოხოვის მიერაა შესრულბული.