„ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები დღეს კასპის რაიონის სოფელ ქვემო გომის მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, სოფელში მთავარი პრობლემა მოუწესრიგებელი გზები და წყლის დეფიციტია. შეხვედრაზე გიორგი თარგამაძე 40 მილიონი ლარით დაფინანსებული სოფლის პროგრამის მიმდინარეობით დაინტერესდა.
„აქ იმდენი პრობლემა დაგვხვდა, რომ მხოლოდ ერთი პროგრამა კი არა, ქვეყნის მთელი ბიუჯეტიც კი არ იქნება საკმარისი მათ აღმოსაფხვრელად. ამიტომაც, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ სოფლის პროგრამაში თავად მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე. ყველა სოფელმა თავად უნდა გადაწყვიტოს რისი გაკეთებაა პრიორიტეტი და თანხაც შესაბამისად უნდა დაიხარჯოს " - განაცხადა უმცირესობის ლიდერმა.
დღესვე „ქრისტიან-დემოკრატები" პარლამენტში იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც სოფლის პროგრამის მონიტორინგს ახორციელებენ. შეხვედრაზე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა წარმოადგინა შუალედური ანგარიში, რომლის თანახმადაც სოფლის პროგრამა ხარვეზებით განხორციელდა და თანხების ხარჯვაზე კონტროლის მექანიზმიც ბუნდოვანი იყო.
სოფლებში სტუმრობის პარალელურად, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" სხვადასხვა პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება. შეხვედრებზე გამოკვეთილი პრობლემების შესახებ ფრაქციის წევრები მიმდინარე კვირაში მინისტრებთან დებატებს გეგმავენ.