"ნეგატიური რჩება საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მუშაობა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ხელს უშლის მედიაგარემოს ჯანსაღ განვითარებას", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მედიაექსპერტი ნინო დანელია.
მისი თქმით, მარეგულირებელი საკუთარ ვალდებულებებს არ ასრულებს და არ აკონტროლებს, რამდენად სრულდება მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა.
"ორ ძალიან ცნობილ შემთხვევას გაგახსენებთ. ერთი იყო მოდელირებული "ქრონიკა", რომელმაც პირდაპირ დაარღვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რაზეც მარეგულირებელმა არავითარი სანქციები არ დააწესა. ხოლო მეორე_სარეკლამო ჭრების ხანგრძლივობა. კერძოდ, სარეკლამო ჭრა გადამეტებულია, ვიდრე ეს ოფიციალურადაა დადგენილი. ამაზეც მარეგულირებელმა არ მისცა რეაქცია",_აღნიშნა მედიაექსპერტმა.
ნინო დანელიას თქმით, სტუდია "მონიტორმა" უკვე მეორეჯერ შეიტანა სარჩელი, რომელიც ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს "რუსთავი 2-სა" და "იმედზე". ამიტომ მარეგულირებელმა კომისიამ გამოსავალს მიაგნო, ცდილობს, შეცვალოს კანონი და გაახანგრძლივოს სარეკლამო ჭრები.
"ვფიქრობ, წლევანდელი წელი მნიშვნელოვანი იქნება სწორედ ამ კომისიაზე იერიშის მისატანად და სამოქალაქო საზოგადოების ფოკუსი სწორედ მარეგულირებელი კომისიისკენ იქნება მიმართული", - განაცხადა მედიაექსპერტმა.