უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ლიბიის ლიდერის "ალ- ქაიდანასთან" გაერთიანებას ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მუამარ კადაფის მუქარა მხოლოდ დასავლეთის დაშანტაჟების მცდელობას წარმოადგენს.
"ალ-ქაიდასთან" შეკვრის თაობაზე კადაფის მუქარა შანტაჟია. ამასთან, საკითხავია ისიც, სურს თუ არა თავად "ალ-ქაიდას" რომ კადაფი მის გვერდით დადგეს? - ალბათ არა, იმიტომ, რომ ლიბიის ლიდერმა საკუთარი მოსახლეობის, მათ შორის მუსულმანური მოსახლეობის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. "ალ-ქაიდა" არ ისურვებს კადაფისთან თანამშრომლობას, ეს არ სჭირდება. ის საკმაოდ ორგანიზებული მოძრაობაა და ლიბიის ლიდერმა შეიძლება უფრო მეტად ხელი შეუშალოს მას, ვიდრე რაიმე შედეგი მოუტანოს. ასე რომ, მუამარ კადაფის ეს მუქარა შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ როგორც შანტაჟი და მისთვის ერთგვარი ხელჩასაჭიდი, რომ ლიბიასა და მის წინააღმდეგ თავდახხმა როგორმე შეეჩერებინა", - განუცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
რაც შეეხება კოალიციური ძალების მიერ ლიბიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებას, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტის შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ეს აუცილებელი იყო.
"ქვეყანა ორი არჩევანის: ძალადობის შეჩერებისა და ძალადობის გაგრძელების წინაშე იდგა. თუ დასავლეთი კადაფის შეჩერებას არ ეცდებოდა, ლიბიის მეთაური გაიამარჯვებდა და ის გაუსწორდებოდა ყველას, ვინც მის წინააღმდეგ გამოდიოდა. კადაფიმ ჩაიდინა დანაშაული, რაზეც მან საერთაშორისო საზოგადოების წინაშე უნდა აგოს პასუხი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს მშვიდობისმყოფელებისთვის მიუღებელი იყო ძალადობის ფორმა, ამ შემთხვევაში მას სხვა გზა არ რჩებოდა", - განმარტავს ექსპერტი.
ამასთან, ირაკლი სესიაშვილის აზრით, ის რაც დღეს ლიბიაში ხდება, "კადაფის ბოლო გაფართხალებაა", რის კონტექსტშიც, ექსპერტი უახლოეს დღეებში ლიბიის მეთაურის ქვეყნიდან გაქცევას ვარაუდობს.
"ვფიქრობ, რომ კადაფი გაიქცევა და ამით ომი დასრულდება, მაგრამ სავარაუდოდ, ქვეყანაში გარკვეული წინააღმდეგობები კიდევ გაგრძელდება, რის გამოც, უნდა ველოდოთ, რომ გაეროს მშვიდობისმყოფელები ლიბიაში ისევ შევლენ და იქ იქამდე დარჩებიან, ვიდრე ლიბიაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება", - მიიჩევს ირაკლი სესიაშვილი.