ღეს, ბრიუსელში, ნატის მინისტერიალის მთავრი საკითხი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა იქნება.
ჩრდილოატლანტიკური ალიასის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ საქართველოსა და უკრაინის წევრობის პერსპექტივებზე მსჯელობდნენ.
ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ალიანსი ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების და მხარს უჭერს მათ გაწევრიანებას ჩრდილოატლატიკურ ალიანსში.
საგარეო საქმეთა ექს-მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილის შეფასებით, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ნატოს პოზიცია უფრო მყარია, ვიდრე ევროკავშირის.
"ალიანსის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დკავშირებით ურყევია. ის ბევრად უფრო მკაფიო და მკაცრია ვიდრე ევროკავშირის", - განუცხადა მენაღარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" და აღნიშნა, რომ საქართველოს საკითხზე საუბარი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზედაც გაიმართება, რომელიც ბრიუსელში 4 დეკემბერსაა დაგეგმილი.
მენაღარიშვილის ვარაუდით, რუსული მხარე აღნიშნული საბჭოს სხდომაზე ალიანსს ევროპული უსაფრთხოების ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით მედვედევის ინიციატივის საფუძველზე მომზადებულ პროექტსაც გააცნობს.
საერთო ჯამში, მენაღარიშვილის შეფასებით, ნატო-რუსეთის ურთიერთობაში გააქტიურება შეინიშნება, თუმცა იგი აცხადებს, რომ ნაკლებსავარაუდოა, ალიანსისა და მოსკოვის ურთიერთობა ომამდე არსებულ სიტუაციას სწრაფად დაუბრუნდეს.
"თუმცა ურთიერთობაში გარკვეული დინამიკა შეინიშნება, რასაც ისიც მოწმობს, რომ ნატო-რუსეთის საჭოს სხდომა მინისტრების დონეზე პირველად იმართება", - განმარტა მან.
რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში დიმიტრი როგოზინი აცხადებს, რომ რუსეთს ხელს არ აძლევს საქართველოსა და ნატოს სრულფორმატიანი ურთიერთობა..
"ჩვენ ვეუბნებით ნატოს დელეგაციებს იმის შესახებ, რომ ჩვენთვის ხელსაყრელი არაა საქართველოთან მათი სრულმასშტაბიანი თანამშრომლობა. გაიმართება რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ასე რომ, საქართველოს საკითხი რუსეთ-ნატოს ურთიერთობების დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის", _ განაცხადა როგოზინმა.
ნატოს სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ალიანსი ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება.
"მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოსა და ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა გაიმართება. ორივე შემთხვევაში ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან გაჟღერდება ძლიერი მესიჯი, რომ ნატო ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომ ორივე ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი. ეს მაშინ მოხდება, როცა ისინი შესაბამის სტანდარტებს მიაღწევენ. საუბარი გვექნება ეროვნულ ყოველწლიურ პროგრამაზე და იმაზე, როგორ ასრულებელ მას ეს ქვეყნები", - განაცხადა აპატურაიმ.