ბინის გამქირავებლებს 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის გადახდა მოუწევთ. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის ვასილ გედევანიშვილი აცხადებს, რომ ქირის ღირებულება ლიმიტირებული არ არის და ნებისმერ შემთხვევაში პირი ვადლებულია საშემოსავლო გადასახადი გადაიხადოს.
"ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, თუ იურიდიული პირი ფიზიკური პირისგან ფართს იქირავებს, მაშინ იურიდიული პირი ვალდებულია თავად დააკავოს გადასახადი. ძველი კოდექსის თანახმად კი იურიდიული პირი კერძო სრულად უნაზრაურებდა თანხას, რომელიც შემდგომ გადასახადს ჩვეულებრივად იხდიდა.
რაც შეეხება ფიზიკურ პირებს შორის ქირაობას, გამქირავებელსა და დამქირაველებს შორის მოლაპარაკების საგანია, ვინ გადაიხდის 20 %-იან საშემოსავლო გადასახადს. ასეთ ვითარებაში საშემოსავლო გადასახადის გადახდისთვის ზღვარი არ არსებობს, პირმა ფართი ნებისმერ ფასად რომ გააქირაოს ან იქირაოს, ის (შეთანხმების საფუძველზე) ვალდებულია საშემოსავლო გადასახადი გადაიხადოს", - განაცხადა ვასილ გედევანიშვილმა.
ასეთ ვითარებაში შემოსავლების სამსახურს მკაცრი ადმინისტრირების წარმოება მოუწევს, რათა გამოვლინოს კერძო პირებს შორის ქორაობის ფაქტები.
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ვასილ გედევანიშვილი აცხადებს, რომ საგადასახადო უწყებისთვის მსგავსი ინფორმაციის მოძიება პრობლემას არ წარმოადგენს.
"ინფორმაციის მოპოვებისთვის სხვადასხვა პროცედურა არსებობს. კერძო პირებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მოპოვება ოდნავ რთულია. თუმცა თუ გაჟღერდება ინფორმაცია, გაქირავების შესახებ შესაბამისად მათ საშემოსავლო გადასახადის გადახდა მოუწევთ", - აცხადებს გედევანიშვილი.
თუკი შემოსავლების სამსახურის მიერ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდება, მაშინ პირს სრულად მოუწევს დამალული გადასახადის ანაზღაურება, რასაც შესაბამისი საურავებიც დაემატება.