ირანული ავიაკომპანია "ატა ეარი" თეირანის მიმართულებით რეგულარული ავია რეისების შესრულებას იწყებს. კომპანია "ტავ ჯორჯიაში" განმარტავენ, რომ კომპანიის მიერ წარმოებული ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად ავიაკომპანია "ატა ეარი" საქართველოში უკვე შემოვიდა.
"ატა ეარი" კვირაში ორჯერ, ორშაბათს და ხუთშაბათს შეასრულებს ავია რეისებს მაკდონელ დუგლასის MD83 ტიპის 165 ადგილიანი თვითმფრინავით. კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს ავია პარკის გაფართოებას და მიმართულებების გაზრდას.
"საქართველოს მზარდი ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარე საქართველოში ფრენით დაინტერესებულია არა ერთი ევროპული და აზიური ავია გადამზიდავი, შესაბამისად ტავ ჯორჯია ყველა რესურსს იყენებს, რომ საქართველოს მიმართულებით გაიზარდოს ტურისტებისა და ავია ხაზების რაოდენობა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ეკონომიკის სამინისტროსთან და ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციასთან რათა ერთობლივი ძალისხმევით ქვეყანაში გაიზარდოს მგზავრთა ნაკადი"- აცხადებს "ტავ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერი მეთე ერკალი.
კომპანია "ტავ ჯორჯია" "ტავ ჰოლდინგის" ვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წლიდან დაიწყო. საქართველოში განხორციელებული 100 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. "ტავის" მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით ის ერთ-ერთ სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში.