იახტების მწარმოებელი ქართული კომპანია "როიალ იახტი" ინვესტორს ეძებს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ამ დროისათვის ბერძენ და თურქ ინვესტორებთან მიმდინარეობს, თუმც რა ფორმით მოხდება კომპანიასა და ინვესტორს შორის გარიგება ამ დროისათვის უცნობია. წარმოების განსაახლებლად, "როიალ იახტი" აქციათა გარკვეული რაოდენობის დათმობასაც არ გამორიცხავს.
კომპანიაში ამბობენ, რომ ამ დროისათვის იახტებზე მოთხოვნა ნაკლებია, რაც ფინანსური კრიზისიდან გამომდინარეობს. მენეჯმენტი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით კრიზისი დაახლოებით ერთ წელიწადში დაიძლევა და კომპანია ამ დროისთვის სათანადო ინვესტორის მოძიებასაც შეეცდება.
თუმცა, ვიდრე "როიალ იახტში" ინვესტორი შევა მენეჯმენტი ტურისტული სეზონის დაწყებამდე, ერთი ერთეული ლუქს კლასის იახტის აწყობას გეგმავს, რომელსაც შემდგომ გააქირავებს და ამ გზით გარკვეული ფინანსების დაგროვებას შეეცდება. "როიალ იახტს" ლუქს კლასის იახტის მშენებლობა დაახლოებით 40 ათასი დოლარი უჯდება.
მენეჯმენტი ამბობს, რომ ინვესტორის მოძიებისა და წარმოების განახლების შემდეგ საკუთარ პროდუქციას კომპანია ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ევროპული ნაწილის ქვეყნებში საერთაშორისო ბროკერების დახმარებით გაყიდის. "როიალ იახტს" ერთი იახტის მშენებლობა 200 ათასი ლარი უჯდება, რომლის გაყიდვასაც მენეჯმენტი 250 ათას დოლარად გეგმავს. "როიალ იახტის" მთავარი კონკურენტი თურქული იახტსაშენი კომპანიებია, რომლებიც ერთ იახტას 300 ათას ევროდ ყიდიან.