შპს "ჯორჯიან ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოპმენტ" კო-ს წარმომადგენლებმა ბაღდათისა და ვანის ტყის ფონდის ცვლილებების კვლევა ჩაატარეს. 1994 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 2009 წელს საკვლევ ობიექტზე ტყის ფონდის საერთო ფართობმა 29 ჰა-ით მოიმატა.
კვლევის მიხედვით, უმნიშვნელო ცვლილებები განიცადა ტყეების ფართობების განაწილებამ გაბატონებული მერქნიანი სახეობების მიხედვით.
კორომთა საშუალო ტაქსაციური მაჩვენებლებიდან ცვლილება განიცადა ტყის ფართობის ერთ ჰა-ზე მარაგმა. საერთო მარაგი 1 ჰა-ზე გაიზარდა 10 კბმ-ით, ხოლო მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების მარაგი 1 ჰა-ზე - 39 კბმ-ით.
"ჯორჯიან ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოპმენტ" კო-ს წარმომადგენლების განცხადებით, 1994 წლის ტყეთმოწყობის დროს ძირითადად გამოყენებული იყო ტყის ტაქსაციის თვალზომური მეთოდი, რომელიც, როგორც ჩანს, ნაკლებად ზუსტი მონაცემებით ხასიათდებოდა.
"კორომის მარაგის 1 ჰა-ზე მატების შედეგია საშუალო სიხშირის 0.04 ერთეულით, კორომთა საერთო მარაგის 190.8 ათასი კბმ-თი, მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების მარაგის 254.4 ათასი კბმ-ით, მარაგის საერთო საშუალო შემატების 8.6 ათასი კბმ-ით მატება. რაც შეეხება კორომთა საშუალო ხნოვანებას და საშუალო ბონიტეტს, ცვლილებები უმნიშვნელო", _ აცხადებენ კვლევის ავტორები.