უკანონო საქმიანობაში ეჭვმიტანილი ექიმისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი დღეს გაირკვევა. საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია იმსჯელებს.
70 წელს გადაცილებული გინეკოლოგის ნადეჟდა გაბრიჩიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 246-ე მუხლით აღიძრა, რაც უკანონო საექიმო საქმიანობას ითვალისწინებს.
წინასწარი ვერსიით, მან ფეხმძიმობის უკანონოდ შეწყვეტის ოპერაცია 9 თვის ორსულს გაუკეთა. ეჭვმიტანილმა ჩვილს მუცელში ჯერ ქვედა კიდური მოკვეთა და კანალიზაციაში გაადააგდო, შემდეგ კი სხვადასხვა ორგანო დაუზიანა. დედის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, მისი სიცოცხლის გადასარჩენად, ექიმი იძულებული გახდა ქალი ღუდუშაურის კლინიკაში გადაეყვანა.
29 წლის ნანა სულუხიამ მკვდარი და დასახიჩრებული ნაყოფი დაბადა. ექიმი უკანონო საქმიანობას კონსპირაციულ კაბინეტში, საკუთარ სახლშივე აწარმოებდა. სამართალდმცველებმა ტერიტორია უკვე დალუქეს, შემთხვევის ადგილზე ის სამედიცინო ინვენტარი აღმოაჩინეს, რომელსაც მედიკოსები ფეხმძიმობის უკანონოდ შეწყვეტის დროს იყენებენ. ნანა სულუხია ისევ სამშობიაროშია, ექიმების ინფორმაციით, მასთან ბადრაგი იმყოფება.