"ეროვნული საბჭო" "სახელისუფლებო კლანის" მიერ საკუთრების უფლების მასობრივ ხელყოფაზე საუბრობს.
"სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის, შპს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მოთხოვნით, სასამართლომ მიწის საკუთრების უფლება შეუზღუდა ლანჩხუთის რაიონის ერთ-ერთი სოფლის 6 ოჯახს. სასამართლომ 6 ოჯახს ფაქტობრივად ჩამოართვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და გადასცა იგი სახელმწიფო ორგანიზაციას უვადო სარგებლობაში ისე, რომ არ დაადგინა მიწის მესაკუთრე ოჯახებისათვის რაიმე სახის კომპენსაცია, რაც სასამართლოს განცხადებით, გააკეთა კონსტიტუციის საფუძველზე, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით საკუთრების უფლების შეზღუდვა კომპენსაციას არ ითვალისწინებს", - განაცხადეს საბჭოს წევრებმა როინ ხიჯაკაძემ და ბიძინა გუჯაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მათივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე "ეროვნული საბჭო" მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ვერ უზრუნველყოფს საკუთრების უფლების დაცვას და სახელმწიფო კონსტიტუციით აკანონებს საკუთრების უფლების უკანონო და უსამართლო ხელყოფის შესაძლებლობას.
"ეროვნული საბჭო" მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, დაავალოს შესაბამის პასუხისმგებელ პირს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორს ზურაბ ჯანჯღავას, მესაკუთრეთა მიმართ სამართლიანი დამოკიდებულების აღდგენა, კერძოდ მათ მიმართ სათანადო კომპენსაციის გაცემა.
"აგრეთვე მივმართავთ პარლამენტს და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მომუშავე ჯგუფს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საქართველოს კონსტიტუციაში საკუთრების უფლების დაცვის გარანტირებულ მექანიზმზე", - აცხადებენ საბჭოს წევრები.