თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოში დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების ზეევ ფრენკელის და რონი ფუქსის საქმესთან დაკავშირებით მორიგი პროცესი ხვალ, 14 მარტს გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დაკავებულთა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, სასამართლო ზეევ ფრენკელის დაკითხვას განაგრძობს, რომელიც გასულ კვირას დაიწყო.
"უკვე 16 მარტის სხდომაზე სასამართლო ინგლისელ ექსპერტ ბენ ჰანსონს მოუსმენს, რომელმაც საექსპერტო დასკვნა დაცვის მხარის სასარგებლოდ მოამზადა", - აღნიშნა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმში, გასული წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. ბიზნესმენებს მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
პატიმრობა შეეფარდა, აგრეთვე, იოანის კარდასოპოლუსს, რომელიც მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.