18 მარტს მოსკოვში რუსეთისა და სეპარატისტული აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური თანამშრომლობის ე.წ. მთავრობათაშორისი კომისიის მესამე სხდომის ჩატარება იგეგმება. სხდომა რუსეთის მიერ სეპარატისტული აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარების დახმარების გეგმის რეალიზებას მიეძღვნება. ეს განცხადება სოხუმში მყოფმა რუსეთის რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილემ რომან პანოვმა გააკეთა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, რუსეთის რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს და ე.წ. პრემიერ-მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა. შეხვედრაზე 2010-2012 წლებში აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური გეგმის განვითარებაზე იმსჯელეს.
ჟურნალისტებთან საუბარში რომან პანოვმა აღნიშნა, რომ მან დაათვალიერა აფხაზეთში რუსული სახსრებით მიმდინარე ობიექტების რეკონსტრუქციისა და მშენებლობის პროცესი და კმაყოფილი დარჩა.
"კმაყოფილი ვართ იმით თუ როგორ მიმდინარეობს აქ მუშაობა. მალე ლენტების გაჭრის დროც მოვა", _ განაცხადა პანოვმა.