OPIC-მა "კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას"მტკვარი ჰესის ასაშენებლად 58 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი დაუმტკიცა. OPIC-ის სესხის საშუალებით "კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა" დაასრულებს 46.4 მვტ-იან ჰესის მშენებლობას მდინარე მტკვარზე, ახალციხის რაიონში.
საქართველო-თურქეთის მშენებარე 400-500 კვ გადამცემი ხაზის მეშვეობით ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გაიყიდება თურქეთში, რომელიც წარმოადგენს ელექტროენერგიის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ბაზარს მსოფლიოში. თურქეთის წევრობა ორგანიზაციაში "ელექტროგადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელი" (ENTSOE) ასევე საშუალებას მისცემს კომპანიას გაყიდოს ელექტროენერგია ევროპის ბაზრებზე. ჰიდროელეტროსადგურის მშენებლობა სავარაუდოდ 2013 წლის ბოლოს დასრულდება.
"ეს პროექტი საგრძნობლად გაზრდის განახლებადი ელექტროენერგიის მიწოდებას საქართველოში და შესაბამისად გაზრდის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. ამ პროექტის დაფინანსება ნათლად ასახავს OPIC-ის მცდელობას გარემოსთვის უვნებელი გზით ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას", - განაცხადა OPIC-ის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა ელიზაბეთ ლითლფილდმა.
"OPIC-თან მჭიდრო თანამშრობლობის წყალობით CEI წარმატებით ახორციელებს უდიდეს ჰიდროპროექტს პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიაში. 46.4 მვტ-იანი ჰიდროელექტროსადგური, ამუშავების შემდგომ ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას და გაზრდის ელექტროენერგიის ექსპორტს მეზობელ ქვეყნებში", -განაცხადა "კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას" სამეთვაყურეო საბჭოს თავჯდომარემ ბიძინა ბეჟუაშვილმა.
"მოხარულნი ვართ, რომ OPIC-მა 58 მილიონ დოლარიანი სესხი გამოყო მტკვარი ჰესის ასაშენებლად. ჩვენ ვაფასებთ ნდობას რომელიც OPIC-მა გამოხატა "კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას" და საქართველოს ენერგო სექტორის მიმართ", განაცხადა "კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას" გენერალურმა დირექტორმა არჩილ მამათელაშვილმა.