საქართველოსა და ცხინვალის რეგიონს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ჩატარებული ყველა სამხედრო სწავლების შესახებ ინფორმაცია უნდა გაიცვალოს. ამ წინადადებით გამოვიდა დღეს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე ქართული მხარე. ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ოსმა სეპარატისტებმა ქართული მხარის ეს წინადადება მისაღებად ჩათვალეს.
პოსტკონფლიტური დარეგულირების საკითხებში ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებულის მოადგილის, მერაბ ჩიგოევის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი ამ ინფორმაციას ყველა მხარე წარადგენს, მათ ამ წინადადების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.
"მივედით იმ დასკვნამდე, რომ თუკი ინფორმაცია ყველა მხარის მიერ იქნება წარდგენილი, ეს პუნქტი ჩვენთვის სრულიად მისაღებია", _ განაცხადა ჩიგოევმა.