რომელი ძალოვანი სტრუქტურები მოქმედებენ საქართველოსა და ცხინვალის რეგიონს შორის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვარზე, მათი რაოდენობა და პირადი შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა; რეგულარული ავტობუსის დანიშვნა ქარძმანსა და საჩხერეს შორის - ეს ის საკითხებია, რომლებმაც დღეს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე ოსი სეპარატისტების უკიდურესად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.
"საზღვარს რუსი და ოსი მესაზღვრეები იცავენ. აუცილებლობის შემთხვევაში, შს სამინისტროს საგუშაგოებსაც გავხსნით. ეს ჩვენი შიდა საქმეა და ამ ინფორმაციის გაცვლას არავისთან არ ვაპირებთ", _ აცხადებს პოსტკონფლიტური დარეგულირების საკითხებში ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებულის მოადგილე მერაბ ჩიგოევი. ქარძმანსა და საჩხერეს შორის რეგულარული ავტობუსის მიმოსვლის დანიშვნის საკითხს კი პოლიტიკურს უწოდებს.
"რაც შეეხება ქარძმანსა და საჩხერეს შორის ავტობუსის დანიშვნას ეს - პოლიტიკური საკითხია. ამ სოფლებს შორის სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი გადის და მოითხოვენ რა ავტობუსის დანიშვნას, მათ ამით იმის დემონსტრირება უნდათ, რომ საზღვარი პირობითია. რა თქმა უნდა, ამ პუნქტის კატეგორიული წინააღმდეგნი ვართ", _ აცხადებს ჩიგოევი.