15 მარტს, 15:00 საათზე, იტალიის საელჩოში პრესკონფერენცია გაიმართება (ჩიტაძის ქ. 3/ა). 16 მარტს იტალიის გაერთიანებიდან 150-ე წლისთავთან დაკავშირებით იტალიის საელჩო, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან თანამშრომლობით აწყობს გამოფენას "იტალია საქართველოში: ათასწლოვანი დიალოგი", რომელიც ეძღვნება გასული საუკუნეებიდან დღემდე იტალიელების არსებობის კვალს ჩვენს ქვეყანაში.
გამოფენაზე წარმოადგენენ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დაცულ ექსპონატებს. გამოფენაზე იტალიის პრეზიდენტის ჯორჯო ნაპოლიტანოს მიერ მინიჭებული სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოებენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელს ნინო ანანიშვილს. ეს ორდენი ენიჭებათ მათ, ვისაც დიდი წვლილი შეაქვს ხალხებსა და კულტურებს შორის ურთიერთობის ურთიერთობის გაღრმავებაში.
"ამჟამად, იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გააქტიურებულია, როგორც ინსტიტუციონალურ და ეკონომიკურ, ისე სოციალურ და კულტურულ დონეზე", - განაცხადა იტალიის ელჩმა ვიტორიო სანდალიმ.
მისი განცხადებით, ეს ის ცოცხალი და მრავალფორმიანი რეალობაა, რომელიც აახლებს წარსულის ურთიერთობებს და ხელს უწყობს მომავალს, რომ "ეს ათასწლოვანი დიალოგი
გაგრძელდეს უფრო დიდი ძალითა და ენთუზიაზმით".
გამოფენა გაგრძელდება 30 Mმარტამდე.