საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით "ქრისტიან-დემოკრატებს"ხელისუფლების ლანძღვის მეტი ამომრჩეველთან მისატანი არაფერი აქვთ.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო" კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა პლენარულ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატების" წევრის, ლევან ვეფხვაძის საპასუხოდ განაცხადა.
"ამ ბოლო დროს ვეფხვაძე ჩამოყალიბდა ისეთ ორატორად, რომელიც რაღაცა აბსურდულს მოიფიქრებს, თითქოს ჩვენ გვითქვამს და ან ცვლილებას ვღებულობთ, მერე ამას ებრძვის და ამის შემდეგ რაიონული ორგანიზაციები პრესკონფერენციას აწყობენ, როგორ გაიმარჯვეს მთავრობასთან ბრძოლაში. ამის მაგალითია, როცა მათი რეგიონალური ორგანიზაციები დაეწყო და ჩაატარეს პრესკონფერენცია, თითქოს მათ ბრძოლის შედეგად მიაღწიეს, რომ პენსია 100 ლარამდე გაზდილიყო", - აღნიშნა მელიქიშვილმა.
უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ მუდმივად წინააღმდეგობაში ყოფნა ოპოზიციონერობას არ ნიშნავს.
"მესმის, რომ ერთგვარ მარათონში ხართ ჩართული, რომელსაც ხელისუფლების ლანძღვის მარათონი ჰქვია და ეჯიბრებით, ვინ უფრო მაგრად დაგვლანძღავთ. ამის მეტი მისატანი ამომრჩევლის წინაშე თქვენ არ გაქვთ", - აღნიშნა მელიქიშვილმა.