სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაში ქართულ და მხარისა და ოსი სეპარატისტების გარდა რუსული მხარეც მონაწილეობს.
მათივე ინფორმაციით , მედიის წარმომადგენლები აღნიშნულ შეხვედრაზე მიწვეულები არ არიან.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ერგნეთში გამართული ბოლო შეხვედრის შედეგად, 21 მარტს ქართულმა მხარემ და ოსმა სეპარატისტებმა როგორ ერთ ისე მეორე მხარეს პატიმრობაში მყოფი ადამიანები ერთმანეთს გადასცეს. როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან გათავისუფლებულია 7-7 მოქალაქე.
ოსმა სეპარატისტებმა საქართველოს 7 მოქალაქე ქართულ მხარეს გადასცეს. მარო პატარაშვილი, დემურ ჩიხლაძე, დავით კაპანაძე, ზვიად კობალაძე, გიორგი ელბაქიძე, ბექა თოკაძე და ვაჟა თოკაძე - ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც დღეს სოფელ ერგნეთში ოსმა სეპარატისტებმა ქართულ მხარეს გადასცეს და რომლებიც ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფებოდნენ.
ოსი სეპარატისტებისთვის გადაცემული ადამიანები არიან: ანატოლი ბესტაევი, ყაზბეგ ძუგკოევი, ზევინარ კაზიევა, იური ხაჩიროვი, სპარტაკ დრიაევი, ვიტალი ჩოჩიევი და მურმან კასაევი.
შეთანხმება გაცვლის თაობაზე ქართულ მხარესა და ოს სეპარატისტებს შორის 17 თებერვალს გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გადაწყდა.
შეგახსენებთ, რომ თავად სეპარატისტთა ინფორმაციით, მათ ტყვეობაში საქართველოს ოთხი მოქალაქე რჩება.
ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულის მოადგილემ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მერაბ ჩიგოევის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრობაში საქართველოს ოთხი მოქალაქე რჩება.
"სამხრეთ ოსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრობაში საქართველოს ოთხი მოქალაქე რჩება, მათგან ორის მიმართ ჯერ კიდევ არ არის გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება", _ განაცხადა ჩიგოევმა.