რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის ვიაჩესლავ დოროხინის განცხადებით, ცხინვალის რეგიონში რუსი მესაზღვრეების რაოდენობა 300-ით გაიზარდა და ამ დროისთვის ის 1 200-ს შეადგენს.
მისივე განმარტებით, მესაზღვრეთა რაოდენობა გაიზარდა აფხაზეთში და ამ დროისთვის იქ 1300 რუსი მესაზღვრეა დისლოცირებული.
დოროხინი აღნიშნულს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი "რთული ვითარებით" ხსნის.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, აღნიშნული ი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთი არ აპირებს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულება და მიზანმიმართულად აძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც გამოიხატება როგორც სამხედრო კონტინგენტის გაზრდით, იქნება ეს თავდაცვის სამინისტროს თუ სასაზღვრო ძალების საფარქვეშ, ასევე დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკის, მათ შორის შეტევითი სარაკეტო შეიარაღების („სმერჩი" და „ტოჩკა-უ" სისტემები) განლაგებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს რუსეთისაგან შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და უმოკლეს ვადებში დაიწყოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სრული დეოკუპაცია.