ახალგორისა და ცხინვალის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის დასრულება 2011 წელს იგეგმება. ინფორმაციას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის კაპიტალური საგზაო მშენებლობისა და არქიტექტურის "სამინისტრო" უახლოეს მომავალში დაიწყებს იმ ფინანსური სახსრების ათვისებას, რომლებიც ახალგორისა და ცხინვალის შემაერთებელი გზის მშენებლობისთვისაა გამოყოფილი, ე. წ. სამხრეთ ოსეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის მიხედვით.
კაპიტალური საგზაო მშენებლობისა და არქიტექტურის "სამინისტროს" ე. წ. ხელმძღვანელი ჩერმენ ხუგაევი აცხადებს, რომ ჯერჯერობით სამშენებლო სამუშაო გასული წლიდან დარჩენილი სახსრებით მიმდინარეობს.
მისი თქმით, სამუშაო ჯერჯერობით მიმდინარეობს გზის დაბლობ მონაკვეთებზე იმის გამო, რომ მთიან ადგილებში გზა ჯერ კიდევ ყინულის საფარითაა დაფარული.
შეგახსნებთ, რომ ახალგორისა და ცხინვალის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო. 2011 წლის საინვესტიციო პროგრამაში ამ პროექტის რეალიზაციისათვის ჩადებულია 1 მილიარდ 600 მილიონი რუბლი. ახალი გზის სიგრძე 72-74 კმ-ს შეადგენს, მისი საშუალო სიგანე კი შვიდი მეტრია.